Tag Archive | სტუდენტური თვითმმართველობა

თსუ-ში სენატის არჩევნებზე თვითმმართველობის კოორდინატორები აქტიურობენ

თსუივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სენატის არჩევნები მიმდინარეობს.

სტუდენტური თვითმმართველობის კოორდინატორები უბნებზე ამომრჩევლების მობილიზების ცდილობენ. საარჩევნო რეგულაციით უბნის ტერიტორიაზე ამგვარი ქმედება დაუშვებელია. “რეაქტორს” რამდენიმე ამომრჩეველმა განუცხადა, რომ კოორდნიატორები სტუდენტთა სიებით  ემოციურ ზეწოლას ახდენენ ამომრჩევლებზე.

ასევე არჩევნებში მონაწილე სტუდენტური თვითმმართველობის კანდიდატი დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა ერთ-ერთ უბანზე.

თსუ-ში არაკონკურენტუნარიანი საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს. 7 ფაკულტეტიდან მხოლოდ ორზე სამი დამოუკიდებელი კანდიდატი იბრძვის სენატში მოსახვედრად. იმ შემთხვევაშიც კი თუკი აღნიშნული სამი კანდიდატი გაიმარჯვებს სენატში უმრავლესობა სტუდენტურ თვითმმართველობას ექნება.

წარმომადგენლობითი საბჭო (სენატი) უნივერსიტეტის  სათათბირო ორგანოა. სენატის კომპეტენციაში შედის თსუ-ს ბიუჯეტის დამტკიცება, ადმინისტრაციის ხელმძღვანელისა (კანცლერის) და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დანიშვნა. სენატის წევრები ამტკიცებენ უნივერსიტეტის წესდებას, შინაგანაწესს, ეთიკის კოდექსს.  მის კომპეტენციაში შედის ახალი საუნივერსიტეტო ერთეულების ჩამოყალიბების საკითხიც.

პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან პოლიტიკურად ლოიალური სტუდენტები და ახალგაზრდები დაფინანსდნენ

9565prezidentis_administraciaსააგნეტო “პირWელმა” ფინანსთა სამინისტროდან საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან სტუდენტური თვითმმართველობების ყოფილ და ახალგაზრდული ორგანიზაციების მოქმედ წვერები დაფინანსდნენ.

2013 წელს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდისთვის სულ 10 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი. აქედან 1 მილიონ ლარზე მეტი ლარი მოქალაქეთა უცხოეთში სწავლის დასაფინანსებლად, 366 ათასი ლარი – საჯარო მოხელეების კვალიფიკაციის ასამაღლებლად, 365 ათასი ლარი კი ფიზიკური პირების ერთჯერად დახმარებებზე დაიხარჯა.

საჯარო ინფორმაციით ირკვევა, რომ სწავლის ხარჯებისა და ერთჯერადი დახმარებების დიდი ნაწილი ყოფილი მაღალი თანამდებობის პირებისა და “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტების დასაფინანსებლად არის გახარჯული.

თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის ყოფილმა პრეზიდენტმა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ გიორგი ავალიანიმა ფონდიდან 35 000 ლარი მიიღო;

თსუ-ის თვითმმართველობის პირველი მოწვევის ვიცე-პრეზიდენტმა ირაკლი მეგრელიშვილმა ერთჯერადი ფინანსური დახმარების სახით 35 000 ლარი მიიღო;

ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაცების წევრებიდან დაფინანსდნენ:  “დროას” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ვალერი ადამიამ -1300 ლარი, არასამთავრობო ორგანიზაცია “გაენათის” დირექტორი ია ხვინგიას – 10 814 ლარი, არასამთავრობო ორგანიზაციის “ახალგაზრდა ინიციატორთა კლუბის” ვიცე-პრეზიდენტმი, “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ვასილ ურუშაძე – 3000 ლარი.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა დავით ტყეშელაშვილმა სწავლის დასაფინანსებლად 24,592 ლარი მიიღო;

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის თანამშრომელის მერი კოკაიას სწავლის დასაფინანსებლად 49 626 ლარი, ერთჯერადი ფინანსური დახმარებისთვის კი 17 000 ლარი გამოიყო.

ნიკოლოზ სეფაშვილმა (მომღერალ მერაბ სეფაშვილის შვილი) პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 80 498 ლარი მიიღო, საიდანაც სწავლა-განათლებისთვის 51 498 ლარი, ერთჯერადი ფინანსური დახმარებისთვის ჯერ 24 000 ლარი, დამატებით კი 5000 ლარი იყო გამოყოფილი;

მიხეილ მამულაშვილის ანგარიშზე, რომელიც თურქეთში საპატიო კონსულის ყოფილი თანაშემწის მაყვალა ხარებავას შვილია, ფონდიდან პირველად 25 775 ლარი, მეორედ კი 8 307 ლარი გადაირიცხა.

სსიპ სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს თანამშრომლების ჯანგირ ამიროვის, გიგა მიქაშავიძის, თეიმურაზ ჯალიაშვილის, ფრიდონ ახობაძის და გურამ ბალიაშვილის სასარგებლოდ ერთჯერადი ფინანსური დახმარების სახით ჯამში 19 500 ლარი გადაირიცხა, საიდანაც თითოეულმა მათგანმა 3900 ლარი მიიღო.

გარდა ამისა, ფინანსური დახმარებებით ისარგებლეს ფიზიკურმა პირებმა – ბექა გოჩიაშვილმა 24 923 ლარი, ლიდა კახიანმა – 22 173 ლარი, ზვიად კუპრეიშვილმა – 15 000 ლარი, სერგო ლუტიძემ – 11 000 ლარი, ანდრო გაბისონიამ – 10 000 ლარი, თამარ თურმანიშვილმა – 10 000 ლარი, ირაკლი კოტრიკაძე – 9 000 ლარი და ა.შ.

უცნობია რა კრიტერიუმებით ხდებოდა პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან მოქალაქეებისათვის თანხების გაცემა.

 

მოამზადა ნიკა გაგუამ

ბუნტარობის 4 წელი

ცვილებები ქვევიდან იწყებადღეს უნივერსიტეტის ბაღში სტუდენტებმა უნივერსიტეტის ავტონომია კიდევ ერთხელ მოვითხოვეთ. ყველას ვიცნობ ვინც იქ ვიყავით, ერთად უკვე 4 წელია ვბუნტარობთ. გამოვიარეთ ავტოკრატიული რეჟიმის პერიოდი, აგერ უკვე ოქტომბრიდან “ახალ რეალობაში” ვცხოვრობთ, მაგრამ ჩვენს ბრძოლას უნივერსიტეტში შედეგი არ მოჰყოლია. ჩვენ მაინც ვბუნტარობთ, იმედით რომ უნივერსიტეტი გახდება ავტონომიური აკადემიური სივრცე, რომელსაც პოლიტიკურ პარტიები, რელიგიურ ორგანიზაციები თუ სხვა დაინტერესებულ ჯგუფები კი არ მართავენ, არამედ სივრცე, რომელიც უპირველესად ეკუთვნით სტუდენტებსა და ლექტორებს (განუხრელად მათი მსოფლმხედველობისა). უნივერსიტეტი შეიძლება და უნდა იყოს სხვადასხვა იდეოლოგიის, რელიგიის თუ ინტერესთა ჯგუფის შეხვედრის ადგილი, მაგრამ არა რომელიმე მათგანის კუთვნილება.(!) არდა ამისათვის იბრძვიან.

დღეს უნივერსიტეტთან სტუდენტები შევიკრიბეთ რათა ავტონომია კი არ დაგვეცვა (რაც არ არსებობს რა უნდა დაიცვა), არამედ მოგვეთხოვა უნივერსიტეტის ავტონომია საკანონმდებლო დონეზე და რეალურ ცხოვრებაში.

ოთხი წლის წინ ჩავაბარე უნივერსიტეტში. წვიმიანი დღე იყო. მახსოვს პირველ შეხვედრაზე ფიზიკის დიდ აუდიტორიაში, როგორი გატაცებით გვიმტკიცებდნენ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიმართულებების ხელმძღვანელები თუ რატომ უნდა აგვერჩია მათი მიმართულება, გვილამაზებდნენ რეალობას, რომელიც მოგვიანებით დადგა: უნივერსიტეტში არ იყო ქართულ ენაზე ლიტერატურა, უარესი ის იყო რომ ამისათვის მწირე, მაგრამ გამოყოფილი ფინანსებიც არ იხარჯებოდა,  პრაქტიკულად არ მიმდინარეობდა კვლევითი საქმიანობა, ბაზები გაუმართაობის გამო სემესტრების დასაწყისში სტუდენტები ღამეებს ვათენებდით საგნების ასარჩევად, ინფრასტრუქტურა მოუწესრიგებელი, უნივერსიტეტის ბიუროკრატია უჟმური, ხოლო ლექტორები თვითკმარები იყვნენ. საგნების სტრუქტურა – ერთნაირი და მოსაწყენი, ის “ახალი” მეთოდები, რომლითაც სკოლაში მასწავლიდნენ აქ არავის ახსოვდა. და ეს არ იყო მთავარი ბოროტება.

სტუდენტთა ჯგუფი, რომლიც წინა მმართველი პარტიის დაქვემდებარებაში იყო თრგუნავდა და ებრძოდა ყოველგვარ განსხვავებულ აზრს.  ეს, ახალი დროების კომკავშირლები, თავიანთი ზონდერ ბრიგადებით ბრძოლის ყოველგვარ მეთოდებს იყენებდნენ სტუდენტებზე. მიუხედავად იმისა, რომ მათთან ბრძოლის სურვილი არასოდეს დამიკარგავს და თავი არასოდეს დამიხრია, ამ ბრძოლამ ენერგია წამართვა და სურვილიც უნივერსიტეტის ყოველდღიურ რუტინაში, სასწავლო პროცესში აქტიურად ჩავბმულიყავი (ამ პროცესის ავკარგიანობაზე ზევით დავწერე).

კომკავშირის გარდა უნივერსიტეტში მაინც შეიქმნა რამდენიმე ანგარიშგასაწევი სტუდენტური გაერთიანება. “თარგმნე,” “ნარინჯსიფერთა კლუბი” და “ლაბორატორია1918”. ალბათ ოდესმე მათზე ცალკე დავწერ, მაგრამ რაზეც გული მწყდება “ლაბორატორია 1918-ის”  დაშლაა. მიუხედავად გარკვეული იდეების შეუთავსებლობისა ამ არაფორმალურ სტუდენტურ გაერთიანებასა და “კმარას” შორის (ნაცინაალური მოძრაობის ახალგაზრდული ორგანიზაცია 2003 წლამდე) ტოლობის ნიშნას არასოდეს დავსვამ. უფასო განათლების და უნივერსიტეტის ავტონომიურობის იდეების გაჟღერება ყველაზე ხმამაღლა სწორედ ლაბომ შეძლო. რამდენიმე თანამოაზრემ კიდევ ერთი პატარა სტუდენტური ჯგუფი “რეაქტორი” გავაკეთეთ და მივკელანობთ. ამ ჯგუფებზე იმიტომ ვსაუბრობ, რომ 4 წლის წინ ისინი არ არსებობდნენ და ერთადერთი ორგანიზაცია კომკავშირი – სტუდენტური თვითთმართველობა გახლდათ.

და მაინც ჩვენ სტუდენტებმა ვერ მოვახერხეთ გაერთიანება. გავერთიანდით აშკარა კომური სიტუაციის დროს, მაშინ როდესაც ვიხილეთ ციხის კადრები, მაგრამ ვერ გავერთიანდით აკადემიური თავისუფლების, უნივერსიტეტის ავტონომიის ან უფასო განათლების იდეების ქვეშ. დღეს ვუყურებდი, როგორ ინერტულად მოძრაობდნენ აქციის გვერდის ავლით და ვფიქრობდი, ისინი გრძნობენ ამ პრობლემებს, მაგრამ დღეს ჩვენთან ერთად არ არიან, არადა ცვლილებები ხომ ქვევიდან იწყება!

1005880_648950898466349_1524650845_nვერც ლექტორების გაერთიანება მოხდა. მათ ათავისუფლებდნენ ან აწინაურებდნენ პოლიტიკური ნიშნით. არავინ ამოიღო ხმა მაშინ, როდესაც პროფესორი ლელა გაფრინდაშვილი უნივერსიტეტიდან გაუშვეს. არც პრეზიდენტის მიერ დანიშნული რექტორის ან დეკანის შესახებ გამოუთქვამს პროტესტი ვინმეს. ისინი არც დღეს გამოჩენილან სტუდენტების გვერდით რათა ერთად მოგვეთხოვა უნივერსიტეტის ავტონომია (ამიტომაც მივაწერე ჩემს პლაკატს “არ არიან ქარია”).

ბუნტარობის 4 წლის შემდეგ ბრძოლის ენთუზიაზმი არ დამიკარგავს. დღეს ისევ მაქვს იმედი რომ უნივერსიტეტს  ეშველება. ჩემი ეს იმედი სტუდენტების საღი აზრის გარდა,  გია დვალს და მის კომისას უკავშირდება. ტენუარის სიტემა, რომელსაც იგი გვთავაზობს ვფიქრობ არსებულ რეალობაში ბევრ სასიკეთო ცვლილებებს მოიტანს, მაგრამ ეს არ კმარა. სახელმწიფომ მეტი ფული უნდა ჩადოს განათლებაში.

აგერ უკვე რამდენი თვეა სტუდენტური თვითმმართველობების რეფორმირების ჯგუფი არსებობს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში და ამ მიმართულებიც პოზიტიური ცვლილებები არ არის. ამჟამინდელი თვიმმართველობა მიძინებულ ნაღმს გავს, რომელიც აუცილებლად ამოქმედდება  თუკი მისი რეფორმიირება არ მოხდა და კიდევ უფრო მეტად დაარტყამს უნივერსიტეტს. ხელისუფლება კი იმის მაგივრად, რომ პრობლემების რეალურ ანალიზს, გამოსავლის სწორ ფორმებს მიაგნოს, იგივე ხერხებით აგრძელებს მუშაობას. ცხადია მის მიმართ თამასა გაზრდილია და ჩვენ ყველანი მეტს მოევლით.

 თავად ჩვენც უნადა ვიაქტიუროთ! შევთავაზოთ მთავრობას და საზოგადოებას ალტერნატიული მოსაზრებები და პოლიტიკა. ამავდროულად  ხელისუფლების არასწორი ქმედებებზე მყისიერი და მკაცრი რეაგირება უნდა გვქონდეს.

ბექა გაბადაძის პოსტი

პროკურატურა აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფინანსურ დოკუმენტაციას იკვლევს

აწსუქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროკურატურა 2011- 2012 წლების ფინანსურ დოკუმენტაციას სწავლობს. საგამომძიებლო ორგანომ მოკვლევა უნივერსიტეტში ლექტორთა წერილის საფუძველზე დაიწყო.

თებერვალში უნივერსიტეტიდან ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა, თუმცა მოთხოვნილი მასალების ნაწილი უნივერსიტეტმა არ გაასაჯაროვა. კერძოდ, საუბარია 2011-2012 წლებში უნივერსიტეტის მიერ დაფინანსებული ღონისძიებების შესახებ.

ასევე უცნობია რა თანხით დაფინანსდა სტუდენტური თვითმმართველობის მიერ განხორციელებული პროექტები.

აღნიშნული მასალებიდან იკვლევა, რომ უნივერსიტეტმა პრემიების სახით 2012 წლის ოქტომბრიდან 814 904 ლარი გაიცა. საკუთარი განცხადების საფუძველზე უნივერსიტეტი დატოვა 6-მა თანამშრომელმა, ავტოპარკზე გაწეულმა ხარჯებმა კი 14 800 ლარი შეადგინა.

ნიკა გაგუა

პარტიული პოლიტიკა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილისთვის 19 აპრილს დაგეგმილ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აქციაში უნივერსიტეტის რაიმე ფორმით მონაწილეობა მიუღებელია.

ამის შესახებ საუბარია “დამოუკიდებელ სტუდენტთა ლიგის” განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელადა.

სტუდენტური გაერთიანება ეჭვობს, რომ  უნიევრსიტეტის ადმინისტრაცია და სტუდენტური თვითმმართველობა ადმინისტრაციულ რესურსებს პარტიული საჭიროებების შესაბამისად განკარგავენ. 

“სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი” არის სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის ყველაზე პოლიტიზირებული უნივერსიტეტი, სადაც “ნაციონალურ მოძრაობას” ძალიან ღრმად აქვს გამდგარი ფესვები და ზუსტად ამის გამოხმაურება იყო 23 მარტიც. მოგეხსენებათ, რომ 2013 წლის 21 თემბერვალს “ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა, ვანო მერაბიშვილმა, დაანონსა აქცია, ხოლო გუშინ, 2013 წლის 23 მარტს, Facebook-ის მისსავე გვერდზე გავრცელდა 51 წამიანი სარეკლამო ვიდეორგოლი, სადაც, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, გადასაღებ მოედნად გამოყენებულია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა.  აღნიშნულ პოლიტიკურ ვიდეორგოლში აქტიურად მონაწილეობს “სსუ” -ს ორი ლექტორი: ზურაბ პაპასკირი (სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის სამსახურის უფროსი); მელორ ალფენიძე (სრული პროფესორი და გეოგრაფიის კაბინეტის გამგე); ვისი ინტერესები დევს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მივყავართ თუ არა ამ ყველაფერს “ნაციონალური მოძრაობის” მაღალ ეშელონებთან?”, – აღნიშნულია სტუდენტების განცხადებაში.

“დამოუკიდებელ სტუდენტთა ლიგისთვის” მიუღებელია უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მოხელეების მონაწილეობა პარტიულ სარეკლამო რგოლებში. ისინი რექტორისაგან აღნიშნულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადების გაკეთებას, პარტიებისათვის უნივერსიტეტის შენობის და სხვა ადმინისტრაციული რეურსების გამოყენენებაზე უარის თქმას ითხოვენ.დამოუკიდებელ სტუდენტთა ლიგა

ნიკა გაგუა

კარვები და ზეწოლა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში

Imageსაქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 კორპუსთან მესამე დღეა სტუდენტებმა კარვები გაშალეს და ადმინისტრაციას მთელი რიგი საკითხების მოგვარებას სთხოვენ. აქციის ორგანიზატორი სტუდენტური ჯგუფი “დამოუკიდებელ სტუდენტთა ასოციაციაა”, მათ ასევე  შეუერთდნენ ორგანიზაცია “სოლიდარობის” წევრებიც.

სტუდენტების მოითხოვენ რექტორის გადადგომას, ახალი სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებას, ადმინისტრაციის იმ თანამშრომლების გათავისუფლებას, რომლებიც 2011 წლის 26 ოქტომბერს რამდენიმე სტუდენტის გატაცებაში მონაწილეობდნენ. სტუდენტები ასევე აპროტესტებენ სწავლის ხარისხს და სასწვლო პირობებს.

“ფასი ხარისხის შესაბამისი არ არის. არასწორად იხარჯება უნივერსიტეტის ბიუჯეტი, რომლიდანაც დიდი თანხა მივლინებებზე მიდის, მაშინ როდესაც უნივერსიტეტში ბევრ სოციალურად დაუცველ სტუდენტს უჭირს სწავლის საფასურის გადახდა. უნივერსიტეტის ინფრასტრუქურა, სასწავლო გარემო სავალალო მდგომარეობაშია”– აცხადებს აქციის მონაწილე ალექსანდრე კობაიძე.

აქციაზე იმყოფებოდნენ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის წევრები და პრეზიდენტი მაია კობახიძე. მისი განცხადებით : “21-ე საუკუნეში წარმოუდგენელია სტუდენტებს სწავლის ამგვარი პირობები ქონდეთ. გარდა ამისა აუცილებლად უნდა დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებიც სტუდენტების გატაცებაში მონაწილეობდნენ.”

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი მოლაპარაკებებზე წასვლას გამორიცხავს და ამბობს, რომ მანიფესტანტების განცხადებები სიმართლეს არ შეესაბამება.  პარალელურად ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ზეწოლას განაგრძობს ლექტორებზე, რომლებმაც სტუდენტებს სოლიდარობა გამოუცხადეს. ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ხათუნა ჩაფიჩაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მას შემდეგ რაც მან მხარდაჭერა სტუდენტებს აქტიურად გამოუცხადა მასზე ზეწოლას ანხორციელებენ.

“სტუ-ს სტუდენტთა მიმართ სოლიდარობის გამომხატველი გუშინდელი ჩემი ფეისბუქის პოსტის შემდეგ, დღეს შუამავლების მეშვეობით დამიბარა სტუ-ს ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა დეპარტამენტის უფროსმა, სააკაშვილის ყოფილმა მრჩეველმა იგორ კვესელავამ, ცხვირწინ დამიდო ჩემი ამობეჭდილი ”ფეისბუქის” პოსტი (აღსანიშნავია, რომ თვითონ ბ-ნი კვესელავა ძალიან შორსაა როგორც ”ფეისბუქის”, ასევე საერთოდ კომპიუტერისგან) და განრისხებულმა და შეშფოთებულმა ”მეგობრულად” მირჩია, რომ გავჩუმდე, უფრო მეტიც, ვეახლო რექტორს და მოვუბოდიშო და ავუხსნა, რომ თითქოს სინამდვილეში სულ სხვა რაიმეს ვგულისხმობდი (?!) და არა იმ ბუნებრივ პროტესტს, რაც ნებისმიერ ადეკვატურ ადამიანს ექნება სტუ-ში, და არა მხოლოდ, არსებული სისტემის და სტუ-ს სტუდენტთა მოტაცების კონკრეტული ფაქტის მიმართ.”

შეგახსენებთ, რომ 2011 წლის 26 ოქტომბრის სტუდენტების გატაცების საქმეზე ძიება სამართალდამცავმა ორგანოებმა უკვე დაიწყეს

არჩევნები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

ბექა გაბადაძის ბლოგი

ინსტრუქტაჟი

არჩევნები სამედიცინო უნივერსიტეტში

6 საათზე უნივერსიტეტში საარჩევნო უბნები დაიხურა. იმ უბანზე სადაც მე ვიყავი ინდოელი სტუდენტების დიდი რიგი იდგა. კარები დაკეტეს, მაგრამ 15 წუთის შემდეგ ერთი ავსტრიელი სტუდენტი შემოუშვა დაცვამ. ცხადია ვთხოვე გარეთ გასულიყო რახან უბანზე ისედაც ბევრი დარღვევა დავაფიქსირეთ.

ავსტრიელმა საუბარი გამიბა: “აქ ძალიან დაბალი სწავლის ხარისხია, გადასახადი კი საკმაოდ დიდია.  ეს ჩემი მეგობარია (მიმანიშნა ინდოელ სტუდენტზე, რომელიც ქართულად კარგად საუბრობდა და მოქმედ თვითმმართველობას წარადგენდა არჩევნებზე) ვიყავი ამათ კონცერტზე და პროგრამაც მოვისმინე, აქ კი უფრო იმიტომ მოვედი, რომ ის ჩემი მეგობარია და ხმის მიცემა მთხოვაო. ჩავეკითხე სხვა ჯგუფების პროგრამები თუ ნახეთ მეთქი და არაო. ეტყობა მოქმედი თვითმმართველობის  კონკურენტმა  ჯგუფებმა სუსტად იმუშავეს უცხოელ სტუდენტებთან – გავიფიქრე.

სამედიცინო უნივერსიტეტის მე-3 კორპუსში დღის 4 საათზე მივედი.  ხალხმარავლობა მენიშნა. სხვა არცერთ უბანზე მსგავსი სიტუაცია არ იყო და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის “ნარინჯისფერთა კლუბს” თუ დავუჯერებთ არანაირ დარღვევას არ ქონდა ადგილი. მეც ვერაფერი დავაფიქსირე. ამ უბანზე კი ხდებოდა ის რაც ჩვენს უნივერსიტეტში თვითმმართველობის არჩევნებზე უკვე მენახა: საარჩევნო უბნის შესასვლელთან რამდენიმე პირი სტუდენტთა დამოუკიდებელი გაერთიანებიდან (ორგანიზაცია რომელიც მოქმედ თვითმმართველობაში უმრავლესობითაა წარმოდგენილი) უცხოელ სტუდენტებს ინსტრუქტაჟს უტარებდა. შემდეგ აცილებდნენ საარჩვენო უბანთან არსებულ რიგამდე.  მათ თან ქონდათ სიებიც, რომლებშიდაც აღნიშვნებს აკეთებდნენ.

ვეცადე გავსაუბრებოდი უცხოელ  სტუდენტებს. რამდენიმე მათგანი მობილურით ჩავწერე კიდეც. “გაქვთ თუ არა საარჩევნო პროგრამა ნანახი? რას გპირდებიან ისინი ვისაც ხმას აძლევთ?” მპასუხობდნენ რომ პროგრამა არ უნახავთ. მათ უბრალოდ უთხრეს რომ ხმა უნდა მიეცათ, კონკრეტული საარჩევნო სუბიექტისათვის.

“ნარინჯისფერთა კლუბის” (თსუ-ს სტუდენტთა ჯგუფი) დამკვირვებლებს გავესაუბრე. მათ კიდევ ერთი დარღვევის შესახებ მიამბეს. უცხოელი სტუდენტები ცესკოს მიერ გადმოცემულ სიებში არ იძებნებოდნენ და ისინი სტუდენტობის დამადასტურებელი საბუთის გარეშე, ხელით დაწერილ დამატებით სიაში ტარდებოდნენ.

არადა სამედიცინო უნივერსიტეტს ჰქონდა საკმაოდ დიდი რესურსი უზრუნველყო გამჭირვალე, ყველაზე დემოკრატიული სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები. მოლოდინი ამ უნივერსიტეტთან დაკავშირებით საკმაოდ მაღალი იყო. საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებისთვის საკმაოდ ბევრი რამ გაკეთდა: მეტნაკლებად დაბალანსდა ცესკო, სტუდენტურ ორგანიზაციებს მიეცათ არჩვენებში მონაწილეობის (პასიური ხმის)უფლება, სადამკვირვებლო ორგანიზაციებს დარეგისტრირების საშუალება, არჩევნებში მონაწილე ორგანიზაციებმა პროგრამებიც წარმოადგინეს – ამ ყველაფრის ფონზე კი ის რაც ამ საარჩევნო უბანზე ხდებოდა აზრს უკარგავს ყველა ამ მონაპოვარს.

გამარჯვებულ ორგანიზაციას ვულოცავ. ბევრ ენერგიას და საინტერესო იდეებს ვუსურვებ, იმედია სტუდენტების თვითრეალიზაციის გარემო გაუმჯობესდება, მეტადრე იმ უცხოელი სტუდენტების, რომლებმაც დიდი როლი ითამაშეს ორგანიზაციის გამარჯვებაში. არ ვკარგავ იმედს, რომ ახალი სტუდენტური თვითმმართველობა უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლებისა და სწავლის საფსურის შემცირებისთვის კონკრეტულ ღონისძიებებს გაატარებს და ითანამშრომლებს სხვა უნივერსიტეტების სტუდენტურ ორგანიზაციებთან.