არჩევნები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

ბექა გაბადაძის ბლოგი

ინსტრუქტაჟი

არჩევნები სამედიცინო უნივერსიტეტში

6 საათზე უნივერსიტეტში საარჩევნო უბნები დაიხურა. იმ უბანზე სადაც მე ვიყავი ინდოელი სტუდენტების დიდი რიგი იდგა. კარები დაკეტეს, მაგრამ 15 წუთის შემდეგ ერთი ავსტრიელი სტუდენტი შემოუშვა დაცვამ. ცხადია ვთხოვე გარეთ გასულიყო რახან უბანზე ისედაც ბევრი დარღვევა დავაფიქსირეთ.

ავსტრიელმა საუბარი გამიბა: “აქ ძალიან დაბალი სწავლის ხარისხია, გადასახადი კი საკმაოდ დიდია.  ეს ჩემი მეგობარია (მიმანიშნა ინდოელ სტუდენტზე, რომელიც ქართულად კარგად საუბრობდა და მოქმედ თვითმმართველობას წარადგენდა არჩევნებზე) ვიყავი ამათ კონცერტზე და პროგრამაც მოვისმინე, აქ კი უფრო იმიტომ მოვედი, რომ ის ჩემი მეგობარია და ხმის მიცემა მთხოვაო. ჩავეკითხე სხვა ჯგუფების პროგრამები თუ ნახეთ მეთქი და არაო. ეტყობა მოქმედი თვითმმართველობის  კონკურენტმა  ჯგუფებმა სუსტად იმუშავეს უცხოელ სტუდენტებთან – გავიფიქრე.

სამედიცინო უნივერსიტეტის მე-3 კორპუსში დღის 4 საათზე მივედი.  ხალხმარავლობა მენიშნა. სხვა არცერთ უბანზე მსგავსი სიტუაცია არ იყო და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის “ნარინჯისფერთა კლუბს” თუ დავუჯერებთ არანაირ დარღვევას არ ქონდა ადგილი. მეც ვერაფერი დავაფიქსირე. ამ უბანზე კი ხდებოდა ის რაც ჩვენს უნივერსიტეტში თვითმმართველობის არჩევნებზე უკვე მენახა: საარჩევნო უბნის შესასვლელთან რამდენიმე პირი სტუდენტთა დამოუკიდებელი გაერთიანებიდან (ორგანიზაცია რომელიც მოქმედ თვითმმართველობაში უმრავლესობითაა წარმოდგენილი) უცხოელ სტუდენტებს ინსტრუქტაჟს უტარებდა. შემდეგ აცილებდნენ საარჩვენო უბანთან არსებულ რიგამდე.  მათ თან ქონდათ სიებიც, რომლებშიდაც აღნიშვნებს აკეთებდნენ.

ვეცადე გავსაუბრებოდი უცხოელ  სტუდენტებს. რამდენიმე მათგანი მობილურით ჩავწერე კიდეც. “გაქვთ თუ არა საარჩევნო პროგრამა ნანახი? რას გპირდებიან ისინი ვისაც ხმას აძლევთ?” მპასუხობდნენ რომ პროგრამა არ უნახავთ. მათ უბრალოდ უთხრეს რომ ხმა უნდა მიეცათ, კონკრეტული საარჩევნო სუბიექტისათვის.

“ნარინჯისფერთა კლუბის” (თსუ-ს სტუდენტთა ჯგუფი) დამკვირვებლებს გავესაუბრე. მათ კიდევ ერთი დარღვევის შესახებ მიამბეს. უცხოელი სტუდენტები ცესკოს მიერ გადმოცემულ სიებში არ იძებნებოდნენ და ისინი სტუდენტობის დამადასტურებელი საბუთის გარეშე, ხელით დაწერილ დამატებით სიაში ტარდებოდნენ.

არადა სამედიცინო უნივერსიტეტს ჰქონდა საკმაოდ დიდი რესურსი უზრუნველყო გამჭირვალე, ყველაზე დემოკრატიული სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები. მოლოდინი ამ უნივერსიტეტთან დაკავშირებით საკმაოდ მაღალი იყო. საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებისთვის საკმაოდ ბევრი რამ გაკეთდა: მეტნაკლებად დაბალანსდა ცესკო, სტუდენტურ ორგანიზაციებს მიეცათ არჩვენებში მონაწილეობის (პასიური ხმის)უფლება, სადამკვირვებლო ორგანიზაციებს დარეგისტრირების საშუალება, არჩევნებში მონაწილე ორგანიზაციებმა პროგრამებიც წარმოადგინეს – ამ ყველაფრის ფონზე კი ის რაც ამ საარჩევნო უბანზე ხდებოდა აზრს უკარგავს ყველა ამ მონაპოვარს.

გამარჯვებულ ორგანიზაციას ვულოცავ. ბევრ ენერგიას და საინტერესო იდეებს ვუსურვებ, იმედია სტუდენტების თვითრეალიზაციის გარემო გაუმჯობესდება, მეტადრე იმ უცხოელი სტუდენტების, რომლებმაც დიდი როლი ითამაშეს ორგანიზაციის გამარჯვებაში. არ ვკარგავ იმედს, რომ ახალი სტუდენტური თვითმმართველობა უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლებისა და სწავლის საფსურის შემცირებისთვის კონკრეტულ ღონისძიებებს გაატარებს და ითანამშრომლებს სხვა უნივერსიტეტების სტუდენტურ ორგანიზაციებთან.

ტეგები:, ,

1 responses to “არჩევნები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში”

  1. akunkula says :

    სამარცხვინო არჩევნები იყო ნამდვილად 🙂
    მედიცინის ფაკულტეტის უბნებზეც არანაკლები მარაზმი ხდებოდა :)))))

დატოვე კომენტარი